ფიგურული სრიალი

ცეკვები

შორთთრეკი

ფიგურული სრიალის სიახლეები

2018 წლის შედეგები, წარმატებები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივები წლის დასასრულს.

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია.

2018 წლის 6 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გრან-პრის სერიის ფინალი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც გაიმართება კანადის ქალაქ ვანკუვერში

ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით მიმდინარეობდა კიდევ ერთი ტურნირი ღია ანდორის თასზე

21 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით სლოვენიის ქალაქ ცელიეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი იუნიორებისა და ნოვისების კატეგორიაში მოასპარეზე მოციგურავეებს შორის.

2018-12

2018-11

2018-10

2014-05

2014-03

2012-05

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია ISU

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ძებნის განხორციელება შესაძლებელია არანაკლებ 4 სიმბოლოთი


HOME

ფიგურული ციგურაობა www.sok.ge

ავტორი: www.sok.ge

თარიღი: 2014-05-19

ფიგურული ციგურაობა. ზამთრის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივად მიმზიდველი სახეობა. გამოირჩევა საინტერესო მხატვრული პროგრამით, ყინულზე სრიალის მრავალფეროვანი ტექნიკური ელემენტებით, ნახტომისა და ტრიალის კომბინაციებით.
ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1891 წლიდან, ქალთა შორის – 1930-იდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის -1896-იდან, ქალთა შორის – 1906-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1908-იდან (კაცები, ქალები.)
ყინულზე ციგურებით ჰოლანდიაში ჯერ კიდევ XVI საუკუნეში სრიალებდნენ. 300 წლის შემდეგ, XIX საუკუნის 40-იან წლებში, ფიგურული ციგურაობა სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა და გავრცელდა ჯერ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, შემდეგ კი _ აშშ-სა და კანადაში.

1850 წელს ამერიკელმა ედუარდ ბუშნელმა პირველმა გამოიყენა ფოლადისპირიანი ციგურები, რამაც გააადვილა ყინულზე მოხვევა და ტრიალი. მეორე ამერიკელმა, ბალეტმაისტერმა ჯაქსინ ჰეინესმა, რომელიც XIX საუკუნის 60-იან წლებში ვენაში ცხოვრობდა, ფიგურულ ციგურაობაში ბალეტისა და ცეკვის ელემენტები დაამკვიდრა. 1865 წელს სანქტ-პეტერბურგში მოეწყო პირველი საციგურაო მოედანი. იმავე პერიოდში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაიხსნა ფიგურული ციგურაობის ათეულობით კლუბი.

1872 წელს ვენაში გაიმართა პირველი შეჯიბრება თანამედროვე ფორმულით: მონაწილენი ორკესტრის თანხლებით ჯერ სავალდებულო ფიგურებს ასრულებდნენ, შემდეგ კი _ ნებისმიერ პროგრამას. 1892 წელს შეიქმნა მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირი (ISU), რომელშიც გაერთიანდნენ მრბოლელებიც და ფიგურისტებიც, ოთხი წლის შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგში მოეწყო მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი (კაცები, ერთეულთა თანრიგი). 1908 წელს ასევე სანქტ-პეტერბურგში გათამაშდა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მედლები წყვილთა სრიალში. ერთეულთა თანრიგში ქალთა პირველ მსოფლიო ჩემპიონატს 1906 წელს შვეიცარიის ქალაქმა დავოსმა უმასპინძლა. 1948 წელს მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა ცალკე სახეობად გამოყო წყვილთა ცეკვა, 1951 წლიდან კი იგი მსოფლიოს ჩემპიონატების პროგრამაშიც შეიტანა.

დროთა განმავლობაში დაიხვეწა სრიალის ტექნიკა, საგრძნობლად გაიზარდა სისწრაფე, პროგრამა შეივსო რთული და ორიგინალური ელემენტებით.
სპორტის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები ზამთრის ოლიმპიური თამაშების წელსაც იმართება.
ფიგურული ციგურაობის ოლიმპიური ისტორია იწყება 1908 წლიდან. ზაფხულის IV ოლიმპიური თამაშების (ლონდონი) პროგრამაში 4 დისციპლინა შეიტანეს. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: კაცებში _ ულრიხ სალხოვი (შვედეთი), ქალებში _ ფლორენს მედელაინ სტაურე (დიდი ბრიტანეთი), წყვილებში _ ანა ჰიუბლერი და  ჰაინრიხ ბიურგერი (გერმანია), სპეციალური ფიგურების შესრულებაში _ ნიკოლაი პანინ-კოლომენკინი (რუსეთი).

1920 წელს ფიგურისტები კვლავ გამოჩნდნენ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (ანტვერპენი, VII ოლიმპიადა), ზამთრის პირველი ოლიმპიადიდან (1924, შამონი) კი ფიგურული ციგურაობა ამ თამაშების პროგრამაშია. 1976 წელს (ინსბრუკი) ოლიმპიურ სახეობად აღიარეს წყვილთა ცეკვა. პირველი გამარჯვება მოიპოვა ლიუდმილა პახომოვა-ალექსანდრ გორშკოვის (სსრკ) წყვილმა.
კაცებში 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული გალოს გრაფსტრიომს (ერთეულები, შვედეთი), ქალებში სამგზის ჩემპიონები არიან სონია ჰენი (ერთეულები, ნორვეგია) და ირინა როდნინა (სპორტული წყვილები, სსრკ).

 

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ასოციაცია შეიქმნა 1992 წლის აპრილში. ხელმძღვანელობს ამ სახეობის განვითარებას საქართველოში. უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელიც იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. ასოციაციას ჰყავს პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი. მოქმედებს მწვრთნელთა და მსაჯთა საბჭოები, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი.
1992 წლის ოქტომბრიდან ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციის (ISU) წევრია.

საქართველოში ფიგურულ ციგურაობას საფუძველი ჩაეყარა 1960 წლის ივლისში, როცა მოსკოვიდან ჩამოსული ცნობილი მწვრთნელი ედუარდ პლინერი სათავეში ჩაუდგა ჩვენში სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ქართველი ფიგურისტები სარბიელზე პირველად გამოვიდნენ 1960 წლის 4 ნოემბერს (ვერის ბაღის კალათბურთის მოედნის ხელოვნურ ყინულზე, რომელიც საგანგებოდ მოამზადეს მოსკოვის საბალეტო დასის გასტროლებისათვის), იმავე წლის დეკემბრიდან კი ვარჯიში ბაკურიანში გააგრძელეს. საქართველოს პირველი ჩემპიონატი გაიმართა 1961 წელს. ერთეულთა თანრიგში გაიმარჯვეს ირინა არხანგელსკაიამ და ირაკლი ჯაფარიძემ, რომელმაც შემდეგ (1963) სსრ კავშირის ჭაბუკთა პირველობაც მოიგო.
1964 წელს თბილისში აშენდა საქართველოში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ხელოვნურსაფრიანი საციგურაო დარბაზი. იქვე გაიხსნა სპორტული სკოლა (პირველი დირექტორი _ ნოდარ ნათაძე), სადაც არაერთი ნიჭიერი მოციგურავე დაოსტატდა. ახალი თაობის ფიგურისტთა შორის გამოირჩეოდნენ მარინე ცერცვაძე და ლია გაბელია. ცერცვაძემ საბჭოთა სპორტსმენთაგან პირველმა შეასრულა სამმაგი ბრუნი _ სალხოვი (1973, როსტოვი, სსრკ ჩემპიონატი), ზედიზედ ორჯერ (1975, 76) მოიპოვა სსრკ თასი. გაბელაია საუკეთესო იყო იუგოსლავიის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (1976). 70-80-იან წლებში საბჭოურ და ევროპულ შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდნენ მიხეილ სიხარულიძე, გია შანყულაშვილი, ონისე რუხაძე, ნელი დვალიშვილი, ანდრეი ტოროსიანი.
პირველი ფიგურისტი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში (1994), იყო ბესარიონ ცინცაძე. შემდეგ სარბიელზე გამოჩნდა ვახტანგ მურვანიძე, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ტურნირში (1997) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო სოლტ-ლეიკ-სიტის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში (2002) მე-17 იყო. 1999 წლიდან საერთაშორისო შეჯიბრებებში ჩაება საქართველოს პირველი მოცეკვავეთა წყვილი (თორნიკე ტუკვაძე, ტატიანა სინიავერი).

შეჯიბრების წესი: ფიგურულ ციგურაობაში შედის ოთხი დისციპლინა: კაცთა, ქალთა, წყვილთა სრიალი და სპორტული ცეკვები. შეჯიბრება ტარდება ყინულით დაფარულ მოედანზე, რომლის მაქსიმალური სიგრძეა 60 მ, სიგანე _ 30 მ, მინიმალური კი, შესაბამისად, 56 და 26 მ. ვარჯიში სრულდება სპორტსმენის მიერ შერჩეული მუსიკის თანხლებით (სპორტული წყვილები ირჩევენ მხოლოდ თავისუფალი პროგრამის მუსიკას); შეჯიბრებისთვის ასევე თავად სპორტსმენები ირჩევენ კოსტიუმებს. ფოლადისგან დამზადებულ ციგურებს განსაკუთრებული ფორმა აქვს. ჩქაროსნული ციგურაობისა და ჰოკეის ციგურებისგან ისინი განსხვავდება წინა ნაწილის კბილანებით. განსხვავებული ფორმისაა სპორტული ცეკვის ციგურებიც: მათი უკიდურესი ქვედა კბილანა შედარებით მცირე ზომისაა.
ფიგურულ ციგურაობაში წყვილს ქალი და კაცი ქმნიან. ცალკე ქალთა ან კაცთა წყვილები არ ასპარეზობენ. გამოსვლისას ფიგურისტები ასრულებენ ნახტომებს (აქსელი, სალხოვი, ტულუპი, რიტბერგერი, ფლიპი, ლუცი), სხვადასხვაგვარ ტრიალს (დგომტრიალი, ჯდომტრიალი და მერცხალტრიალი) და ნაბიჯებს. ერთეული მოციგურავეები და წყვილები ასრულებენ ორ-ორ პროგრამას: მოკლეს, რომელსაც ორიგინალურ ან სავალდებულო პროგრამასაც უწოდებენ, და თავისუფალს. მოკლე პროგრამა როგორც ერთეულების, ისე წყვილების გამოსვლისთვის განკუთვნილია 2,50 წუთი (შეიძლება ნაკლებიც). მოკლე (სავალდებულო) პროგრამა შედგება რვა აუცილებელი ელემენტისაგან, რომლებიც ერთმანეთთან ნაბიჯებითაა დაკავშირებული. (დამაკავშირებელ ნაბიჯებს მსაჯები ითვალისწინებენ მოციგურავის შეფასების დროს. არასავალდებულო, ისევე როგორც განმეორებით შესრულებულ ელემენტებს შეფასებისას მხედველობაში არ იღებენ). თავისუფალი პროგრამის ხანგრძლივობა კაცების და წყვილებისთვის შეადგენს 4,30 წუთს (+/- 10 წამი), ხოლო ქალებისთვის _ 4 წუთს (+/- 10 წამი). თავისუფალ პროგრამას სავალდებულო ელემენტები განსაზღვრული არა აქვს, თუმცა დადგენილია მათი რაოდენობა: კაცებისთვის _ არაუმეტეს 8 ნახტომისა, 4 ტრიალით, 2 ნაბიჯების მონაცვლეობით; ქალებისთვის _ არუმეტეს 7 ნახტომისა, 4 ტრიალით, 2 ნაბიჯების მონაცვლეობით. წყვილთა შეჯიბრებისას არ არის აუცილებელი ერთი და იმავე მოძრაობების შესრულება ანდა მოციგურავეთა შორის მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება, თუმცა მათი გამოსვლა ერთ ჰარმონიულ მთლიანობას უნდა ქმნიდეს.
შეჯიბრება სპორტულ ცეკვებში გულისხმობს ორი სავალდებულო, ერთი ორიგინალური და ერთი თავისუფალი ცეკვის შესრულებას. სპორტული ცეკვების ტექნიკური კომიტეტი ყოველწლიურად ადგენს ოთხი სავალდებულო ცეკვის სახეობას, რომელთაგანაც შეჯიბრებისას შესასრულებელი ორი ცეკვა წილისყრით შეირჩევა. კომიტეტი განსაზღვრავს ასევე ორიგინალურ ცეკვას, მის რიტმს, ტემპსა და ხანგრძლივობას. შესაბამისი ინფორმაცია ყოველწლიურად ქვეყნდება. ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია სავალდებულო ცეკვებად მიიჩნევს ფორტინსტეპს, ფოქსტროტს, როკერ ფოქსტროტს, ევროპულ ვალსს, ამერიკულ ვალსს, ვესტმინსტერულ ვალსს, ვენეციურ ვალსს, ავსტრალიურ ვალსს, სტარლაით ვალსს, რევესბურგულ ვალსს, გოლდენ ვალსს, იანკი პოლკას, ქვიქსტეპს, პასადობლს, რუმბას, რუმბა დეამორს, ჩა-ჩა კონგელადოს, სილვერ სამბას, ტანგოს, არგენტინულ ტანგოს, ტანგო რომანტიკას, ბლიუზს, მიდნაით ბლუზს. სავალდებულო ცეკვის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. ცეკვა უნდა შესრულდეს მუსიკის ტაქტით და ზუსტი მონახაზის შესაბამისად. თავისუფალი პროგრამა უნდა შედგებოდეს საცეკვაო ნაბიჯებისა და მოძრაობების კომბინაციებისაგან, რითაც ვლინდება სპორტსმენთა მიერ არჩეული მელოდიის ხასიათი და იდეა. აუცილებელი ელემენტები ჩამოთვლილია ISU-ის წესდებაში. სპორტული ცეკვების ტექნიკური კომიტეტის მიერ წესებში შეტანილი ცვლილებები ყოველწლიურად ქვეყნდება. მოციგურავის მიერ შესრულებული პროგრამის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, ერთი მხრივ, ცალკეული ელემენტების შესრულების ხარისხი (ქულათა შემდეგი სკალის მიხედვით: -3, -2, -1, 0, +1, +2, +3), მეორე მხრივ, სრიალის ოსტატობა, დამაკავშირებელი ნაბიჯები და მოძრაობები, პროგრამის შესრულება, ქორეოგრაფია, ინტერპრეტაცია (0,25-იდან 10 ქულამდე სკალით).

 

Nanaxia: 260

კომენტარი:

კომენტარის დამატება

სურათიდან შეიყვანეთ რიცხვების ჯამი - SUM: